ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები, კომპანიის მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობის გამო ისევ გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.

მეშახტეები ამბობენ, რომ ერთი თვის წინ, თებერვალში გაფიცვის შემდეგ მიღწეული შეთანხმების პირობები კომპანიას არ შეუსრულებია.

"თებერვლის საპროტესტო პროცესი დასრულდა კომპანიის დაპირებით იმის შესახებ, რომ პროტესტის გამო გაცდენილი დღეების ნაწილის ანაზღაურება სრულად, ხოლო ნაწილის ანაზღაურება შვებულების ხარჯზე მოხდებოდა, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ კომპანია არ აპირებს 3 გაცდენილი დღის ანაზღაურებას", — წერია პროფკავშირების განცხადებაში.

პროფკავშირების განმარტებით, პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ კომპანიამ არ შეასრულა ხელფასის ინდექსაციის დაპირება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ოპერატორი კომპანია აცხადებდა, რომ პროფკავშირების პოზიციას ითვალისწინებდა და ინდექსაცია საქსტატის მონაცემის მიხედვით მოხდებოდა. მეშახტეებისთვის ეს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა.

თებერვალში მუშები საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. სამუშაო პროცესი მას შემდეგ აღდგა, რაც რეორგანიზაციის ბრძანებაში აისახა ის საკითხები, რომლებიც შრომით და სამართლებრივ უფლებებს არეგულირებდა.

ტყიბულელი მეშახტეები გასული წლის სექტემბერში გაიფიცნენ. მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, დახლოებით, 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებდა. გაფიცვა 26 სექტემბერს შეწყვიტეს. ეკონომიკის მინისტრი ამ დღეს ტყიბულში ჩავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი ინვესტორი კომპანია, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს, სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე.

ტყიბულში მეშახტეებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ. ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.