ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 8 დეკემბერს დადასტურდა. თუმცა, South China Morning Post იუწყება, რომ სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, COVID-19-ის პირველი შემთხვევა 17 ნოემბერს დადგინდა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, სამედიცინო საზოგადოებამ ახალი დაავადების არსებობა მხოლოდ დეკემბერში გააცნობიერა.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან მეცნიერები და ექიმები COVID-19-ის წარმომავლობის დადგენას ცდილობენ.

იმის გაგება თუ როგორ გავრცელდა დაავადება და რამდენად იმოქმედა აღურიცხავმა ინფიცირების შემთხვევებმა ეპიდემიის გამწვავებაზე, მეცნიერებს საფრთხის მასშტაბების უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

ჩინეთის მთავრობის მონაცემების მიხედვით, Covid-19 პირველად ჰუბეის პროვინციის 55 წლის მოქალაქეს დაუდგინდა.

აქედან მოყოლებული ახალი კორონავირუსით ყოველდღე 1-დან 5 ადამიანამდე ინფიცირდებოდა. 15 დეკემბრისთვის კი საერთო ჯამში 27 ადამიანი იყო ინფიცირებული. ეს რიცხვი 20 დეკემბერს გაორმაგდა, ამ დროისთვის COVID-19 სამოც ადამიანს აღენიშნებოდა.

27 დეკემბერს, ექიმმა ჟანგ ჯიშენმა ჩინეთის მთავრობას განუცხადა, რომ უხანში ადამიანების ინფიცირების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო. ამ დროისთვის, COVID-19 180 ადამიანს აღენიშნებოდა.

2020 წლის 1 იანვარს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 381-ს მიაღწია.

მეცნიერები ცდილობენ იპოვონ ადამიანი, რომელიც კორონავირუსით პირველი დაინფიცირდა. ეს მათ COVID-19-ის გავრცელების წყაროს პოვნაში დაეხმარებათ. ამ დროისთვის მიიჩნევა, რომ ადამიანებში კორონავირუსი ველური ცხოველისგან გავრცელდა.

პანგოლინი და ღამურა ორი მთავარი ეჭვმიტანილია.

ნოემბერში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა გამომჟღავნდა. თუმცა, ადამიანებზე ვირუსის გავრცელების პირველწყარო არცერთი არ არის.

უხანის ჯინიუინტანის საავადმყოფოს ექიმების მიერ The Lancet--ში გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ პუბლიკაციის ავტორებმა ინფექციის პირველი შემთხვევა 1 დეკემბერს გამოამჟღავნეს.

კორონავირუსის მყისიერი გამოაშკარავება ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ბიუროკრატიამ შეაფერხა. ექიმებმა თავიანთი დაკვირვებები მომენტალურად ვერ გამოამჟღავნეს, იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დამოწმებამდე, მთავრობის მითითებით, ექიმებს ინფორმაციის გასაჯაროება ეკრძალებათ.