ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. ისინი აცხადებენ, რომ საჭიროა 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს, რათა ხელისუფლებასთან ერთად რაიმე განხილვებში ჩაერთონ. კერძოდ, ოპოზიცია ითხოვს, რომ მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები გათავისუფლდნენ.

"საჯარო განხილვებში და პოლიტოლურ პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას მანამ სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება თუ დავინახავთ და როცა დავინახავთ რომ ვალდებულებები სრულფასოვნად სრულდება მაშინ ჩავერთვებით პორცესში. კომისიის შემქნაზე შევალთ დარბაზში მხარს დავუჭერთ", — ამბობს ევროპული საქართველის დეპუტატი, დავით ბაქრაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს არც ნაციონალური მოძრაობა. ნიკა მელიაც სხვა ოპოზიციონერების მსგავსად ამ პროცესს "ფორმალობას" უწოდებს და ამბობს, რომ მათი სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობა "პოლიტპატიმრებზე შეთანხმების" შესრულებას უკავშირდება. On.ge-სთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნას მისი პარტიაც დაუჭერს მხარს, თუმცა განხილვებს არ დაესწრება. რომან გოცირიძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ისინი საბოლოო კენჭსყრას არ დაესწრებიან და ამით ქართული ოცნება "პასუხს აგებს".

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.