სულ მალე, 25 მარტიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დისნეის საკულტო ანიმაციის მიხედვით გადაღებული ახალი ფილმის, მულანის პრემიერა უნდა შემდგარიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა კინოთეატრებში ფილმი, რომლის რეჟისორიც ნიკი ქაროა.

ეს დისნეის ერთადერთი პროექტი არ არის, რომლის პრემიერაც გაურკვეველი ვადით გადაიდო: X-Men-ის სპინოფი, The New Mutants, რომლის პრემიერაც აპრილში უნდა შემდგარიყო, იგივე მიზეზით გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ ფილმის გადადების პირველი შემთხვევა არ არის: The New Mutants-ის გადაღებები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა და მალევე მისი პირველი ტრეილერიც გავრცელდა, თუმცა პრემიერის დაგეგმილი თარიღი — 2018 წლის იანვარი — სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრჯერ გადაიწია.

როგორც ჩანს, ამ ფილმს არ უმართლებს და ამჯერადაც შეიცვალა მისი გამოსვლის თარიღი.

ფოტო: Tumblr / Disney

დისნეის პროდუქციასთან ერთად, სხვა კომპანიებმაც შეცვალეს უახლოესი გეგმები: ისეთი ფილმების პრემიერებმა, როგორებიცაა No Time To Die, Fast & Furious 9 და A Quiet Place 2 ასევე გადაიწია.