საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ვირუსს პასპორტი არ აქვს. ამის შესახებ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი პრინციპი, რომლითაც კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის დროს უნდა იხელმძღვანელონ მეცნიერებაა.

როგორც მაკრონი ამბობს, ევროკავშირის ქვეყნებმა სადაც საჭიროა, იქ საზღვრები ღია უნდა დატოვონ და კორონავირუსს ეროვნება არ უნდა მიანიჭონ.

"დაყოფა კრიზისს ვერ მოაგვარებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ ზომები მივიღოთ, მაგრამ ჩვენ უფრო სასარგებლო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ვირუსს პასპორტი არ აქვს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ჩვენი ძალები გავაერთიანოთ და ვითანამშრომლოთ", — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კორონავირუსის გამო, 12 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა 30 დღით შეზღუდა. ახალი რეგულაცია ეხება როგორც საჰაერო ისე საზღვაო გადაადგილებას.

სატელევიზიო მიმართვის დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპის 26 ქვეყნიდან აშშ-ში შესვლა აიკრძალება. შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს. მისი თქმით, ევროკავშირმა ვერ შეძლო იმავე ზომების მიღება, როგორც აშშ-მ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

პანდემია ეწოდება ეპიდემიას, რომელიც გეოგრაფიულად განსაკუთრებით ფართო არეალში ვრცელდება, მაგალითად, რამდენიმე კონტინენტზე ან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 64 000-ზე მეტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: