გუშინ, 12 მარტს, მსოფლიომ კიბერ-ცენზურის საწინააღმდეგო დღე აღნიშნა. იგი 2008 წელს ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" დააწესა და მათ მიზანს კიბერ-ცენზურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ორგანიზაციამ ჟურნალისტებთან და Minecraft-ის პროფესიონალებთან ერთად თამაშში "ბიბლიოთეკა ცენზურის გარეშე" შექმნა, სადაც ისეთი სტატიების კრებულებია წარმოდგენილი, რომლებსაც რუსეთში, მექსიკაში, ეგვიპტეში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთში ცენზურა ადევს.

აღნიშნული კრებულების წაკითხვა ყველას შეუძლია, თუმცა კონტენტის შეცვლა შეუძლებელია. ბიბლიოთეკა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მას ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ცენზურადადებული დოკუმენტი ემატება.

BlockWorks-მა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინის სტუდიაა, კომპლექსის აგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბიბლიოთეკა სამი თვის განმავლობაში შენდებოდა და მასში 12,5 მილიონი ბლოკია გამოყენებული.

ბიბლიოთეკა კერძო სერვერზე განთავსებული გიგანტური ნეო-კლასიკური კომპლექსია ძველბერძნული და რომაული არქიტექტურის ელემენტებით. ნეო-კლასიკური სტილი მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ასაგებად ხშირად გამოიყენება და იგი კულტურასა და ცოდნასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სტილის გამოყენებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

სერვერზე Minecraft-ის მოთამაშეებისთვის წვდომა უფასოა. იგი ექვს სექციადაა დაყოფილი, აქედან ხუთი დაცენზურებული ჟურნალისტებისთვის, ხოლო ერთი კი ორგანიზაციისთვისაა განკუთვნილი. თითოეული სექციის მთავარ შესასვლელთან წიგნია განთავსებული, რომელიც კონკრეტულ სახელმწიფოში მიმდინარე ცენზურის პოლიტიკაზე გაწვდის ინფორმაციას.

არქივის თითოეულ სექციაში ინფორმაცია ჟურნალისტების შესახებაცაა განთავსებული. მაგალითად, ვიეტნამის ნაწილში ისეთი მასალებია მოცემული, სადაც ვიეტნამის პოლიტიკური სიტუაცია და ჟურნალისტების მდგომარეობაა აღწერილი.

Minecraft საკმაოდ პოპულარული თამაშია და მისი ინფორმაციულ პლატფორმად გამოყენება მარტივია. მიმდინარე პროექტს კი წარმატების დიდი შანსი აქვს.

ბიბლიოთეკა სულ რაღაც რამდენიმე დღისაა და ჯერჯერობით უცნობია თუ გამოიყენებენ მას სხვა ცენზურის მსხვერპლი ჟურნალისტები. თუმცა მსგავსი პლატფორმის არსებობა და ცენზურის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლა მნიშვნელოვანი პროცესია.