არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც ქმრის დაჭრაში იყო ბრალდებული. საქმის განხილვა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საფარის განცხადებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს ახალი წლის ღამეს ქმარი თავს დაესხა და მისი მოხრჩობა სცადა. მათივე განმარტებით, ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელიც 45 წლის დაგვიანებით მივიდა:

"ამ დროისთვის, ქალს ქმარი უკვე დაჭრილი ჰყავდა, რადგან, დროის ამ მონაკვეთში, მოძალადემ მისი მოხრჩობა სცადა, რა დროსაც, მსხვერპლი დასწვდა დანას და მოძალადეს ჭრილობა მიაყენა. ნაცვლად იმისა, რომ ნანა გოგალაძე სახელმწიფოს მსხვერპლად მოეაზრებინა, მას განზრახი დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლი წაუყენა, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

საფარში აღნიშნავენ, რომ საქმეში ბევრი პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს, არ იძიებდნენ ქალის მიმართ სისტემატიურ ძალადობას, უგულებელყოფილი იყო მისი დაზიანებები. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ქმრის მიმართ გამოძიება მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო.

"ჩვენ გამოვკვეთეთ აუცილებელი მოგერიების ფარგლების მართლზომიერების პირობები, რაც გაითვალისწინა მოსამართლემ. გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები", — აცხადებენ საფარში.

ორგანიზაციის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკვალიფიცირა აღნიშნული ქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიება და ქალი გაამართლა.