დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელებასთან და მის პანდემიად გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პირველივე დღიდან მიღებული იქნა დროული ზომები, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ ნიშნავს.

"პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი. მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას", — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეპიდამიასთან ბრძოლა არ უნდა გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რომელიმე ფორმაში:

"პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა ავიღოთ და გავინაწილოთ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ".

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის შესაკავებლად პოლიტიკური ძალების, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ:

"მჯერა, რომ როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში!" — აცხადებს პრეზიდენტი.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: