ცენტრ პოინტის დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს ნარკოდანაშაულს ედავებიან. მის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით. პროკურატურის განცხადებით, ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე დაბარებულმა გუკა რჩეულიშვილმა 11 მარტს, პოლიციაში თეთრი ფერის ფხნილი წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით, იყო "კოკაინი". უწყების ცნობითვე, გუკა რჩეულიშვილმა მათ განუცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მანვე მოიხმარა.

"სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ინსულინის შპრიცი მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. ნარკოლოგიური კვლევის შედეგად მას კოკაინის, ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა და ტრამადოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს, 12 მარტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ბრალდებით, გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურატურის განცხადებით, ამ საქმეზე იგი თავს არიდებს გამოძიებას და გამოცხადდა ძებნა.

შემაკავებელი ორდერის დარღვევის ნაწილში, პროკურატურა ირწმუნება, რომ გუკა რჩეულიშვილმა 8 მარტს ღამის საათებში ცოლის ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა.

25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გუკა რჩეულიშვილს 30 დღით აეკრძალა ცოლთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია.