On.ge-ის ახალი მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე გახდა. საქმიანობას ის ორშაბათიდან, 16 მარტიდან დაიწყებს.

ხატია ღოღობერიძე მედიაში 2008 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იყო გამოცემა ბათუმელების, News.ge-ისა და ტაბულას თანამშრომელი. ასევე, იყო ტაბულას სატელევიზიო კორესპონდენტი.

ხატია ღოღობერიძე რამდენიმე მედიაკონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, 2018 წელს დაჯილდოვდა GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის სექსუალური შევიწროების თემაზე: სექსის თხოვნა დასაქმებისათვის, შევიწროება სამსახურში — რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე. 2019 წელს კი ქალთა ფონდმა, ღოღობერიძეს კატო მიქელაძის პრემია გადასცა ქალების წინაშე არსებული გამოწვევების, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციული ფაქტების სისტემატიურად და ეთიკურად გაშუქებისათვის.

2020 წლის 2 მარტამდე On.ge-ის რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი იყო. ის გამოცემას 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.