კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, თბილისში არსებულმა კლუბმა მტკვარზე სივრცის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. კლუბის განმარტებით, მიუხედავად სირთულეებისა, "აუცილებელი და წინდახედული" ნაბიჯების გადადგმის დროა:

"ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია", — აცხადებენ კლუბში.

ისინი იმედოვნებენ, რომ საზოგადოება და ბიზნესი მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საფრთხეები გაქრება.

დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: