რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.

რა არის პანდემია?

ყველაზე მარტივი ენით, პანდემია დაავადების ვრცელ გეოგრაფიულ არეალში გავრცელებას ნიშნავს. მაგალითად, რამდენიმე სხვადასხვა კონტინენტზე, ან სულაც ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, "აფეთქება" არის დაავადების შემთხვევების ზრდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებშია მოსალოდნელი. ეპიდემია კი ეწოდება გარკვეულ საზოგადოებაში ან რეგიონში დაავადების სტანდარტულ რაოდენობაზე მეტი შემთხვევის არსებობას.

პანდემია ახალი დაავადების "გლობალური გავრცელებაა".

მსოფლიოში პანდემია ბოლოს 2009 წელს, H1N1 ვირუსის გამო გამოცხადდა, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემია ბერძნული სიტყვა pandemos-იდან მიმდინარეობს. pan ნიშნავს "ყველას," demos კი "მოსახლეობას."

პანდემიის ცნებით გამოიხატება იმის მოლოდინი, რომ ინფექცია მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეხება.

პანდემია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმესთან კავშირში არაა, ის უფრო მისი გავრცელების გეოგრაფიულ თავისებურებებზე მიუთითებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, პანდემია ცხადდება მაშინ, როდესაც ახალი დაავადება, რომლის მიმართაც მოსახლეობას იმუნიტეტი არ აქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელზე უფრო მეტად ვრცელდება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თქმით, პანდემია ცხადდება, როდესაც ვირუსი მრავალ სხვადასხვა რეგიონში " მარტივად ვრცელდება და ფეხს მდგრადად იკიდებს."

პანდემიად გამოცხადება იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით გადადება მეტად სავარაუდო ხდება და ჯანდაცვის სისტემა ამისთვის უნდა მოემზადოს.

რა შემთხვევაში ცხადდება პანდემია?

პროფესორი მერი-ლუის მაკლოუსი, ინფექციის კონტროლის ექსპერტი, რომელიც WHO-ში მრჩეველად მუშაობდა, ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და სხვა ორგანიზაციებს შეიძლება პანდემიის გამოსაცხადებლად სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეთ. საბოლოო სიტყვა მაინც WHO-ს ეკუთვნის. არ არსებობს კონკრეტული შემთხვევების რაოდენობა ან გავრცელების მასშტაბი, რომლის შემთხვევაშიც დაავადებას პანდემიის სტატუსი ენიჭება. მაგალითად, 2003 წელს გავრცელებული SARS კორონავირუსი, რომელიც 26 ქვეყანას მისწვდა, პანდემიად არ გამოცხადებულა.

"როცა WHO პანდემიას აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ მეტ მხარესა და ძალას სთხოვს მობილიზებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სიმპტომების იგნორირება არ შეიძლება. ეს ფაზა დაკავშირებულია ფინანსების მობილიზებასთანაც, რათა ქვეყნები ერთობლივი ძალით გაუმკლავდნენ საშიშროებას", - ამბობს მაკლოუსი.

თუმცა თუ პანდემიად გამოცხადება გლობალურ პანიკას გამოიწვევს, ეს საბოლოო მიზნისთვის ხელისშემშლელი იქნება და ცნობადობის ამაღლებას ხელს ვერ შეუწყობს. მაგალითად, კამათი იმაზე, საჭირო იყო თუ არა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიად გამოცხადება, დღემდე გრძელდება. 2009 წელს H1N1-ის პანდემიად გამოცხადების გამო ქვეყნებმა ზედმეტი ფული დახარჯეს ანტივირუსულ მედიკამენტებზე, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა.

პანდემია იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოგზაურობების შეზღუდვა საკმარისი და ეფექტური აღარაა და ქვეყნები შემდეგი ფაზისათვის უნდა მოემზადონ.

"საავადმყოფოები უნდა მოემზადონ მეტი პაციენტისათვის, მთავრობებმა კი ხალხი უნდა გააფრთხილონ, რომ საჭიროების შემთხვევაში სახლიდან მუშაობა, თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავება და სახლში დარჩენა შეიძლება მოუწიოთ".

პანდემიის მაგალითები

2009 წლის H1N1, აივ-ინფექცია (1981), ესპანური გრიპი (1918), ყვავილი (1870) და შავი ჭირი (1347).

რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან მიმართებაში მათი მიდგომები არ იცვლება. პანდემიად გამოცხადების გადაწყვეტილება ქვეყნებისთვის მოწოდებაა, რომ "აღმოაჩინონ, შეამოწმონ, უმკურნალონ, იზოლაცია მოახდინონ, ეძებონ კვალი და მოახდინონ საკუთარი ხალხის ორგანიზება."

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ზომები ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გააძლიერონ.