2018 წელს გამოსულმა ფილმმა A Quiet Place საშინელებათა ჟანრის მოყვარულებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

სულ მალე კი ამ ფილმის მეორე ნაწილი გამოვა კინოთეატრებში და მასში მთავარ როლს კვლავ ყველასათვის კარგად ნაცნობი მსახიობი, ემილი ბლანტი ასრულებს.

ამასთან დაკავშირებით მსახიობი სულ ცოტა ხნის წინ ჯიმი კიმელის შოუში იყო სტუმრად, სადაც სპეციალურად ამ გადაცემისთვის ფილმის პაროდია ჩაწერა.

ვისაც A Quiet Place (ჩუმი ადგილი) უნახავს, იცის, რომ ფილმი დისტოპიური სამყაროს შესახებ მოგვითხრობს, სადაც მცირედი ხმაურიც კი უცხო მონსტრების ყურადღებას იქცევს და ფატალურად სრულდება.

სწორედ ამის გამო ფილმის მთავარი გმირები გადარჩენისთვის მუდმივად ჩუმად ყოფნას ცდილობენ.

საზარელი მონსტრისაგან გადასარჩენად თუ არა, ხანგრძლივი მგზავრობისთვის მაინც გვჭირდება ხანდახან სიჩუმის დაცვა, რასაც ყველაზე ხშირად თვითმფრინავში არღვევენ ხოლმე.

როგორ იმგზავრებდნენ A Quiet Place-ის სამყაროში თვითმფრინავით? ამას ემილი ბლანტი გაჩვენებთ პაროდიულ ვიდეოში ჩუმი თვითმფრინავი:

(პირდაპირ პაროდიის სანახავად გადაახვიეთ 3:00 წუთზე)

თუ იმ თვითმფრინავის რეისზე აღმოჩნდებით, რომლის ბორტგამცილებელიც ემილი ბლანტია, იცოდეთ, რომ ოდნავი ხმაურიც კი არ გეპატიებათ!

"მოკეტე და ისიამოვნე ფრენით", — ამბობს ემილი ბლანტი ვიდეოში.

პრინციპში, კარგი იქნება, ამ რჩევას საზარელი მონსტრის შიშის გარეშეც თუ გავითვალისწინებთ.