იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია, რომელიც მეტად პროპორციულ სისტემას ითხოვდა, დღეს მეტ სამაჟორიტარო ოლქს ითხოვს. მისი თქმით, სწორედ იმიტომ იყო საქართველო 73 მაჟორიტარულ ოლქად დაყოფილი, რომ ყველა რაიონი და ქალაქი მეტ ოლქს იმსახურებდა, ვიდრე ახალი სისტემით იქნება.

"მოვისმინე კომენტარები, რომ თბილისი იმსახურებს მეტ მაჟორიტარულ ოლქს. რეგიონებიც იმსახურებდნენ მეტ მაჟორიტარულ ოლქს და თბილისიც რომ მეტს იმსახურებდა, ამიტომ იყო შეთავაზება უფრო მეტ მაჟორიტარულ ოლქზე. ამიტომ წერია დღემდე 73 მაჟორიტარული ოლქი. დღეს რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე — ოპოზიცია ითხოვს, რომ თურმე კიდევ მეტი სამაჟორიტარო ოლქი იყოს", — განაცხადა ოხანაშვილმა.

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების მონახაზი უკვე შემუშავებული აქვთ. მისი თქმით, ზოგიერთი ოლქის შემთხვევაში 4-5 მუნიციპალიტეტი გაერთიანდება. კობახიძის ინფორმაციით, მაჟორიტარული ოლქიდან 18 აღმოსავლეთ საქართველოში იქნება, 12 — დასავლეთში. როგორც კობახიძე ამბობს, თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქი იქნება, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში თითო-თითო ოლქი.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ახალი სისტემით მაჟორიტარული ოლქების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.