ხაშურში ყოფილი ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 11 ოქტომბერს კაცი ყოფილი ცოლის სამსახურში მივიდა, მინა ჩაამტვრია და კუსტარულად დამზადებული იარაღიდან ხუთჯერ ესროლა, რის შემდეგაც ყუმბარა ესროლა, რომელიც არ აფეთქდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ქალმა გადარჩენისთვის იქვე მდებარე სუპერმარკეტს შეაფარა თავი, სადაც კაცი შეჰყვა და თავისსა და სხეულში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოცზე მეტი მიღებული დაზიანების შედეგად ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ყოფილი ქმარი მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.