იმის გამო, რომ ამჟამინდელი მონაცემებით უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, მოგზაურობიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ან სხვა რისკფაქტორის გამო მოქალაქეებისთვის რეკომენდირებულია, თვითიზოლაციაში 14 დღე გაატარონ.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მოცემულობა მეტისმეტად ინტროვერტებისთვისაც კი არ გამოიყურებოდეს მიმზიდველად, ყველას უნდა გვახსოვდეს პირადი პასუხისმგებლობა, რომლითაც საკუთარი თავის დაცვასთან ერთად საყვარელი ადამიანების გაფრთხილებას და ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელების შეზღუდვას შევძლებთ.

თანაც ყველაფერი არც ისე ტრაგიკულადაა: წარმოიდგინეთ, რამდენჯერ გითქვამთ, რომ სამსახურის გამო სახლიდან გასვლა გეზარებათ; როგორი დაღლილები ხართ ყოველდღიური რუტინით ან რამდენი სერიალი გაქვთ სანახავი და აქამდე თავი ვერ მოაბით.

აი, ახლა სწორედ ამ უკანასკნელ შეუსრულებელ მისიაზე გავამახვილებთ ჩვენც ყურადღებას და იმ რამდენიმე სერიალს შემოგთავაზებთ, რომელთა ნახვასაც 14-დღიანი თვითიზოლაციის დროს თავისუფლად მოასწრებთ.

1. Sex Education

ფოტო: Netflix

თუ ისე მოხდა, რომ აქამდე ნეტფლიქსის ეს საოცარი შოუ არ გინახავთ, აღარ დააყოვნოთ, სახლში მარტო მყოფები ამაზე უფრო სასიამოვნო სანახაობას ვერ იხილავთ: თანამედროვე თინეიჯერების ცხოვრება ერთდროულად ისე დრამატულად და კომიკურადაა მოთხრობილი, რომ დროის გასვლას ვერც კი შენიშნავთ.

სერიალის ხანგრძლივობა: ამჟამად Sex Education-ის ორი სეზონია გამოსული, სულ 16 ეპიზოდი და თითო დაახლოებით 50 წუთის ხანგრძლივობისაა.

2. Lost

ფოტო: ABC

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჯერ კიდევ წლების წინ ოჯახის ყველა წევრთან ერთად ველოდი ამ საკულტო შოუს ახალი ეპიზოდის გამოსვლას ტელევიზორში, თუმცა ისე მოხდა, რომ ბოლო ორი სეზონი გამოვტოვე და მას შემდეგ ლამის ყოველწლიურად ვნატრობ ისეთ შესაძლებლობას, როცა ამ სერიალის თავიდან ბოლომდე ნახვას ხელახლა და მშვიდად შევძლებდი.

თანაც მასში ისეთი ემოციური, მძაფრი და დრამატული ისტორიები ვითარდება, რომ სულ დაგავიწყდებათ, თუ რა ხდება თქვენ გარშემო ან მსოფლიოში ამჟამად.

სერიალის ხანგრძლივობა: Lost სულ 6 სეზონისგან შედგება, რომლებიც 121 ეპიზოდს აერთიანებს. საშუალოდ ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა 43 წუთს უდრის და თუ დღეში 7 ეპიზოდს მაინც ნახავთ, ორ კვირაში ექვსივე სეზონის ნახვას მოასწრებთ.

3. Black Mirror

ფოტო: Netflix

თუ თვითიზოლაციაში ყოფნისას კიდევ უფრო მძაფრი შეგრძნებების მიღება გინდათ და მომავლის შემაშფოთებელი წინასწარმეტყველების სხვადასხვა ვარიაციებიც გაინტერესებთ, Black Mirror იდეალური არჩევანი იქნება. თანაც სერიალებზე მეტად უფრო ფილმები თუ გიყვართ, ამ შოუს თითოეული ეპიზოდი დამოუკიდებელი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს სრულიად ახალი მსახიობებითა და სიუჟეტური ხაზით, შესაბამისად, მოწყენის საშიშროებაც ნაკლებად გემუქრებათ.

სერიალის ხანგრძლივობა: 5 სეზონი და 22 ეპიზოდი, რომელთა საშუალო ხანგრძლივობა 1 საათია.

4. Fargo

ფოტო: FX

დეტექტიური ჟანრის სატელევიზიო შოუების მოყვარულს ეს სერიალი აუცილებლად აქამდეც ექნება ნანახი, თუმცა თუ ისე აღმოჩნდა, რომ გამოგრჩათ, სწორედ იდეალური დროა, რომ თვითიზოლაციის პერიოდი მის დასაგემოვნებლად გამოიყენოთ: Fargo ჟანრის კლასიკური ნორმების დაცვითა და საუცხოო შავი იუმორით ნამდვილად არ მოგაწყენთ.

სერიალის ხანგრძლივობა: 3 სეზონი და 30 ეპიზოდი. თითო ეპიზოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 50 წუთია. ასევე აქვე გეტყვით, რომ 19 აპრილს სერიალის მეოთხე სეზონის პრემიერა შედგება, შესაბამისად, თვითიზოლაციის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგრძელებასაც მალევე ნახავთ.

5. Rick And Morty

ფოტო: Adult Swim

შესაძლოა, ანიმაციური სერიალებით დაინტერესებული არ ხართ, თუმცა Rick And Morty-ის შესახებ თქვენ გარშემო აუცილებლად მოისმენდით აღფრთოვანებულ შეფასებებს, რაც ოდნავადაც არაა გადაჭარბებული: გამორჩეული იუმორისა და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მქონე ეს შოუ სახლში გატარებულ თქვენს თითოეულ წუთს ნამდვილ დაუვიწყარ თავგადასავლად გადააქცევს.

სერიალის ხანგრძლივობა: 4 სეზონი და 36 ეპიზოდი. თითი ეპიზოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 22 წუთია, რაც, დამერწმუნეთ, მეტისმეტად ცოტაა ამ შეშლილ ბაბუა და შვილიშვილთან გასატარებლად.

6. The Leftovers

ფოტო: HBO

თუ თავს მეტისმეტად დაზაფრულად გრძნობთ და ამავდროულად სულაც არ გინდათ მოზღვავებულ ემოციებს გაექცეთ, მეტიც — გინდათ სწორედ ისეთ სანახაობას მიადევნოთ თვალი, რომელიც თქვენს შინაგან განწყობებს შეესაბამება, HBO-ს ეს საოცარი და საკმაოდ დაუფასებელი სერიალი თქვენი საუკეთესო მეგობარი, მოსიყვარულე პარტნიორი და მზრუნველი ახლობელი გახდება, რომელთან ერთადაც არც თქვენი შიშებისა და ცრემლების დამალვა მოგერიდებათ.

სერიალის ხანგრძლივობა: 3 სეზონი და 28 სერია. ერთი ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა 55 წუთია.

7. Explained

ხშირად ვგეგმავთ, რომ შემეცნებას მეტი დრო დავუთმოთ, თუმცა, როგორც წესი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, გადატვირთული ყოველდღიურობიდან გამომდინარე თავისუფალი დროის გატარება უფრო მეტად გასართობი და მსუბუქი აქტივობებისთვის გვემეტება. ორკვირიანი თვითიზოლაციისას კი შეიძლება ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაც კი მოგწყინდეთ, აი, ისეთი დოკუმენტური სერიების ყურება კი, როგორიც Explained-ია, თქვენს იზოლაციას საოცრად ნაყოფიერს გახდის: უამრავ თქვენთვის საინტერესო თუ მნიშვნელოვან თემაზე მარტივი ენითა და საინტერესო ვიზუალებით საჭირო ცოდნას უმოკლეს დროში მიიღებთ.

სერიალის ხანგრძლივობა: ორი სეზონი და 30 ეპიზოდი. თითოეულის საშუალო ხანგრძლივობა 20 წუთია.

8. Westworld

ფოტო: HBO

მაყურებლების დიდი ნაწილი სერიალისგან მხოლოდ გასართობი, ერთჯერადი შთაბეჭდილებების მიღებას არ ელოდება, რომელიც ნახვიდან მალევე მეხსიერების მივიწყებულ კუნჭულებში გაუჩინარდება. აი, Westworld ისეთი სერიალია, რომელიც ერთდროულად წარმოუდგენლად შთამბეჭდავ და დაძაბულ სანახაობასთან ერთად უზომოდ საინტერესო ფაბულის მქონე ისტორიაზე მოგვითხრობს: როგორ ბედი ელის კაცობრიობას ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში და რა ეთიკური გამოწვევების წინაშე დადგებით მალე.

სერიალის ხანგრძლივობა: ორი სეზონი და 20 ეპიზოდი. ერთი ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა 1 საათია. სულ რამდენიმე დღეში ამ შოუს მესამე სეზონის პრემიერაც შედგება და შეგიძლიათ, მას მომზადებულები დახვდეთ.

9. Fleabag

ფოტო: BBC Three

თუ გინდათ, რომ 14 დღის განმავლობაში არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე სერიალის ნახვა მოასწროთ, ეს სულაც არაა წარმოუდგენული: ისეთ მინისერიალებს თუ შეარჩევთ, როგორიც Fleabag-ია, თქვენი თვითიზოლაცია ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცევა. მეტიც, შეგიძლიათ ამ შოუს გარდა სხვა არც არაფერი ნახოთ და დასრულების შემდეგ ისევ ხელახლა დატკბეთ ფიბი უოლერ-ბრიჯის უსაზღვრო სევდითა და იუმორით.

სერიალის ხანგრძლივობა: ორი სეზონი და 12 ეპიზოდი. ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 25 წუთია.

10. Friends

ფოტო: NBC

მეცხრე პუნქტში ნახსენები საჭიროებისგან განსხვავებით თუ გინდათ, რომ პირიქით, მუდმივად ერთ დაუსრულებელ ისტორიას მიადევნოთ თვალი და დაგავიწყდეთ დღე და ღამე, მაშინ დროა Friends ჩართოთ. ეს სიტკომი ჯერ მეც არ მინახავს, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ გეუბნებით, რომ ჩემ გარშემო, ვინც ამ შოუს ყურება დაიწყო, ყველა ამ სერიალის გმირებთან ერთად ცხოვრობს: ცალკეულ ეპიზოდებს დაუსრულებლად უყურებენ ძილის წინ, ჭამის დროს თუ სამსახურში შესვენებისას.

სერიალის ხანგრძლივობა: 10 სეზონი და 236 ეპიზოდი. თითო ეპიზოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 22 წუთია.