უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების გავლა ოპოზიციასთან სცადა, თუმცა მის ზარს ლელო საქართველოსთვის წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა არ უპასუხა.

"ტექნიკური თემაა და რა ვიცი, გუშინ უსუფაშვილს ვურეკავდი, არ დამირეკა და რანაირად? საკმარისი იქნებოდა ერთად მაინც რომ გაგვევლო რაღაცა...", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი და თქვა, რომ მას კომუნიკაციის პრობლემა არც ჰქონია და არც ექნება.

"არცერთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ისტორიაში მე არ მქონია კომუნიკაციის პრობლემა და არც მექნება", — ამბობს უსუფაშვილი.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების მონახაზი უკვე შემუშავებული აქვთ. მისი თქმით, ზოგიერთი ოლქის შემთხვევაში 4-5 მუნიციპალიტეტი გაერთიანდება. კობახიძის ინფორმაციით, მაჟორიტარული ოლქიდან 18 აღმოსავლეთ საქართველოში იქნება, 12 — დასავლეთში.

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.

გაიგეთ მეტი: