იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დღეს ჩანიშნული შეხვედრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან ისევე, როგორც საბჭოს სხდომა უზენაესის თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად, ფარსი და ხელისუფლების დღის წესრიგის გატანაა.

"თუ არ ეშინიათ საზოგადოებრივი ყურადღების, ჩაეტარებინათ ეს შეხვედრა საჯაროდ... დღევანდელი ჩაკეტილი კარებს მიღმა შეხვედრა, არის ისეთივე ფორმალური გარიგება, რასაც მიჩვეული ვართ სახელმწიფო სტრუქტურებში. მხოლოდ და მხოლოდ ფარსია იმისთვის, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული თავმჯდომარე შეირჩეს", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

დღეს, 10 მარტს საბჭომ კონსულტაციები გაიარა უზენაესი სასამრთლოს მოსმართლეებთან. უსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ მსგავსი კონსულტაციები ტარდება პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებთან. მისი მტკიცებით, გადაწყვიტეს სტანდარტი აეწიათ და გადაწყვეტილების მიღწევამდე მოსამართლეებს გასაუბრებოდნენ.

ამის შემდეგ დაიწყება საბჭოს წევრების სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა შეარჩიონ. აღნიშნული კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტში გაიგზავნება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით შეირჩევა.

უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე მას შემდეგ არ ჰყავს, რაც ნინო გვენეტაძემ 2018 წელს თანამდებობა დატოვა. გვენეტაძის თქმით, ის მუქარის მსხვერპლი იყო.