პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთაგან ერთ–ერთმა, რომლის ვინაობასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ამხელენ, მოკლულის სხეულის ნაწილების ჭამის ფაქტი აღიარა:

"დათვალიერებული იქნა მათი ფეისბუკები, სადაც ასახულია გარკვეული რიტუალების ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ბრალდებულთა მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირებულია, რომ გარდაცვლილი, რომელიც შემდეგ დაანაკუწეს, კიდურები მოაჭრეს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქმედება ჩადენილია გარკვეული რიტუალის მიზნით. ერთ–ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა".

19 წლის ირმა ყ. 23 წლის ბექა შ. და 17 წლის ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ასევე დაკავებულნი არიან 22 წლის ავთანდილ ა. და 23 წლის დათა გ. ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის ბრალდებით.

მკვლელობაში ბრალდებულთაგან ერთ–ერთი მოკლულის შვილია. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.