ცნობილმა ამერიკულ-კანადურმა გამოცემა Vice-მა ინტერვიუ ჩაწერა ქართველ მსახიობთან, ლევან გელბახიანთან, რომელმაც გასულ წელს ლევან აკინის ფილმ And Then We Danced მთავარი როლი შეასრულა.

ჟურნალისტმა ინტერვიუს დასაწყისში ეს ქართულ-შვედური პროექტი შეაქო, "კინოს პატარა საოცრება" უწოდა და ლევან გელბახიანის ფილმის გადაღებებზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.

როგორც ლევან გელბახიანი აღნიშნავს, იმის გამო, რომ "ქართული ცეკვა მასკულინური და მაჩო კულტურის ნაწილია", გადაღებებზე პრობლემები ხშირად ექმნებოდათ, მათ შორის "ქართული ანსაბლის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებების დროს განუცხადეს, რომ "გეი მოცეკვავეები ქართულ ცეკვაში არ არიან".

ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთს ინტერვიუდან:

შენ გამოცდილი მოცეკვავე ხარ. სანამ ფილმში გადაგიღებდნენ, რა იცოდი ქართული ცეკვის შესახებ?

ქართული ცეკვა ქართული კულტურის ძალიან დიდი ნაწილია. საქართველოში ბავშვობაში მაინც თითქმის ყველა ცეკვავდა და მეც მსგავსი გამოცდილება მაქვს, ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.

ქართული ცეკვა მეტისმეტად მასკულინურია?

ფოტო: Bex Day / VICE

დიახ. როგორც მოცეკვავისთვის, ეს საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან მე სულ სხვა სტილის ცეკვით ვარ დაკავებული. თანამედროვე ცეკვა უფრო ნაზი და ფემინურია, ქართული ტრადიციული ცეკვა კი უფრო უხეში და მკაცრი, თუმცა ამავდროულად მშვენიერი. ის ერთგვარი სიწმინდეა ქართველი ხალხისთვის, ლამის რელიგიას უდრის.

ფილმის გადაღებების დროს რამე სირთულეებს ხომ არ გადააწყდით?

საქართველოში LGBTQ+ ადამიანების მიმართ გაცილებით მეტი მიმღებლობაა, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში ან სხვა მეზობელ ქვეყანაში. თუმცა ამავდროულად საზოგადოება ორნაწილადაა გაყოფილი: ერთი მხრივ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ინტერნეტის ეპოქაში გაიზარდნენ, მეორე მხრივ კი თაობა, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის მსხვერპლია. ჰომოფობია იმდენად მაღალია ქვეყანაში, რომ ხშირად ფანატიკოსი მართლმადიდებელი ქართველი კაცები ტრანსგენდერ ქალებს კლავენ.

გადაღებების დროს ბევრ დადებით გამოხმაურებას ვიღებდით, თუმცა იყო სიძულვილის გამომხატველი შეფასებებიც. გადაღებებზე თან გვახლდა დაცვა, რადგან ჩვენმა კასტინგის მენეჯერმა მკვლელობის მუქარაც კი მიიღო. ყოველდღიურად სხვადასხვა გადასაღებ სივრცესაც ვკარგავდით.

რატომ ხდებოდა ეს?

ფილმის შინაარსის გამო. გადაღებების წინა დღით გვეუბნებოდნენ, რომ იმ ადგილას "რემონტი იწყებოდა" ან მსგავს მიზეზს და ვეღარ ვიღებდით დაგეგმილ ადგილას. ოფიციალურად არავინ გვეუბნებოდა, რომ ეს ჰომოფობიის გამო ხდებოდა, მაგრამ ამას თავად მაინც ვხვდებოდით.

შენი ოჯახი რას ფიქრობდა ამ ფილმზე?

თავდაპირველად დედაჩემს ეშინოდა საზოგადოების რეაქციის, თუმცა მას გულახდილად დაველაპარაკე: "ეს უნდა გავაკეთო. არ ინერვიულო, ჩემს თავზე ვიზრუნებ". ჩემი ოჯახი და ნათესავი საკმაოდ მიმღებლები არიან და მხარსაც მიჭერენ.

რას ისურვებდი, რომ საერთაშორისო აუდიტორიამ გაიგოს ამ ფილმიდან?

ფოტო: Bex Day / Vice

ის, რომ ჰომოფობია მხოლოდ ქართული პრობლემა არაა, ეს საერთაშორისო პრობლემაა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ამავდროულად ეს არაა მხოლოდ ღარიბი ქვეყნების პრობლემა. თუნდაც ლონდონის გარეთ რომ გახვიდე, ამას მარტივად გაიგებ. ჩვენ მოგზაურობა გასული წლის ივლისში დავიწყეთ და სხვასხვა კინოფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. უკრაინაში ოდესის კინოფესტივალზე ყოფნისას მივხვდი, რომ ამ ქვეყანას საქართველოსთან ბევრი საერთო აქვს — ორივე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და მსგავსი პრობლემებიც აწუხებს. განსაკუთრებული შემთხვევა იყო, როცა მაყურებლებმა სექსის სცენის შემდეგ ტაში დაუკრეს. და როცა ამას ხედავ, ხვდები, რომ სწორი გადაწყევტილება მიიღე.

ამ ფილმის შემდეგ რამე განსაკუთრებული გამოხმაურება ხომ არ მიგიღია ქართველი ქვიარ ადამიანებისგან?

კი. ჩვენ ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლიბა ვაჩვენეთ ქვიარ თემს საქართველოში. ადამიანები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: "ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო, ამან ძალა მომცა და ახლა მგონია, რომ იმ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც აქამდე მინდოდა".

ოდესმე საქართველოდან სხვაგან წახვალ საცხოვრებლად?

იგივე კითხვა შარშან რომ დაესვათ, ვუპასუხებდი რომ კი, სხვაგან მინდა ცხოვრება, მაგრამ ახლა გავაცნობიერე, რომ გარკვეული შესაძლებლობები მაქვს, რათა რაღაცები შევცვალო. ძალიან მინდა აქ ვიცხოვრო და ჩემს ქვეყანას დავეხმარო. თუ ყველა ახალგაზრდა დატოვებს ქვეყანას, ვინღა იბრძოლებს უკეთესობისთვის? აღარავინ დარჩება, რომ რამე შეცვალოს. ამიტომაც უნდა დავრჩეთ და ჩვენი თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ვიბრძოლოთ.