ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებისას იმ კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი, ვინც საპატიმრო უნდა დატოვოს და ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ამბობს იმას, რაც უნდა ილაპარაკოს.

"ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ ვითარებაში, ოპოზიცია ამბობს იმას, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს, საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ აკვირდება იმას, რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს", — განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გაფორმებულ შეთანხმებაში, პოლიტიკური პატიმრების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. მისი თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ მართლმსაჯულება "პოლიტიკური კალენდრის ნაწილი" ვერ იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

პროტესტი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, შეუსრულებელი დაპირება და ჩაშლილი მოლაპარაკებები

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.

რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ამ თანაფარდობას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.

მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარიშსწორებად და ოპოზიციის წინააღდეგ ბრძოლად შეაფასა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს" და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.

მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანაფარდობას სთავაზობდა. დღეს, 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.

გაიგეთ მეტი: