დისნეი ბოლო წლებში თავისი ცნობილი ანიმაციების მიხედვით აქტიურად იღებს ფილმებს, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ახალ სატელევიზიო შოუს შემოგვთავაზებს, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, ურჩხული და მზეთუნახავის სამყროს შესახებ.

სერიალს ახალი სტრიმინგ სერვისისთვის Disney+ გადაიღებენ და მის პირველ სეზონში ექვსი ეპიზოდი იქნება. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერიალის სიუჟეტი აქამდე ნაცნობი ურჩხული და მზეთუნახავის ისტორიამდე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს და ამ სამყაროს უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება.

ჯერჯერობით უცნობია, 2017 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის ვარსკვლავებს, ემა უოტსონსა და დენ სტივენსს, რომლებიც მთავარ გმირებს — მზეთუნახავს და ურჩხულს ასახიერებენ, ვიხილავთ თუ არა სერიალში.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ სერიალში ითამაშებენ ამავე ფილმის მსახიობები, ლუკ ევანსი და ჯოშ გადი.

ჯოშ გადი და ლუკ ევანსი ფილმში ურჩხული და მზეთუნახავი.

ფოტო: Disney

სერიალის შექმნაზე საკულტო შოუს, Lost-ის პროდიუსერები, ედვარდ კიტსისი და ადამ ჰოროვიცი იმუშავებენ.

მომავალი პროექტი, დიდი ალბათობით, მუსიკალური შოუ იქნება, შესაბამისად, მათ, ვისაც ურჩხული და მზეთუნახავის აქამდე ნანახი ეკრანიზაციების ატმოსფერო მოსწონდა, წინ ნამდვილად საინტერესო სანახაობა ელის.