ამბროლაურში, სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მათივე ცნობით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული და რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-მდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აქრობს.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.