დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის გაერთიანებამ, დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ყველა სექტორში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მოთხოვნით აქცია გამართა, აქციის მონაწილეებმა მანიფესტი წაიკითხეს, სადაც ითხოვენ, რომ პირველ ეტაპზე კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს.

მათი თქმით, ვინაიდან უმეტესობა ქალისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება არ არსებობს, არჩევანი არ აქვთ და ისინი სამუშაო ადგილზე ძალიან მალე ბრუნდებიან. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, არჩევანი არის ან ბავშვის დატოვება ან უფრო სიღარიბეში ცხოვრება და მარტოხელა დედები უფრო მძიმე სიტუაციაში იმყოფებიან.

"ჩვენ ვეღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში; სახელმწიფოსგან კი არანაირი მხარდაჭერა არ ჩანს. დეკრეტული შვებულება ამის ერთ-ერთი მაგალითია: დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს არეგულირებს, სიმბოლურია, და დედებს, მშობლებსა და ახალშობილებს არ სთავაზობს სრულყოფილ სოციალურ დაცვას. განსაკუთრებით პრობლემურია კერძო სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა, ვინაიდან სახელმწიფო კერძო სექტორს კანონით არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას", — ნათქვამია მანიფესტში.

როგორც მანიფესტში ვკითხულობთ, პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუკი შვებულება არ გამოუყენებიათ დედებს, რაც, მათი თქმით, "ახალშობილზე 24 საათიანი ზრუნვის ურთულეს ტვირთს უმეტესად დედებს აკისრებს".

ასევე, როგორც დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრები ამბობენ, სამუშაო ადგილებზე აყვანისას დედები დისკრიმინაციას განიცდიან, "რადგან ყველას სჭირდება თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველ დღე დამატებითი საათებით შეძლებს სამსახურში დარჩენა".

დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანების წევრებმა მანიფესტი შარშანაც შეადგინეს, სადაც ქალებისთვის უკეთეს სოციალურ პროგრამებს ითხოვდნენ.