თბილისის ზოოპარკში საფრანგეთიდან 11 ცხოველი ჩამოდის. ოვერნეს ზოოპარკი საჩუქრად 9 ბერბერულ მაკაკას და 2 ემუს გზავნის. ცხოველები 7 ნოემბერს გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.

"მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართულნი თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან - ზაფხულში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის ზოოპარკში (უნგრეთი), მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის ზოოპარკებში (აშშ). სექტემბერში თბილისს სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლომის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

თბილისის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) წევრობის კანდიდატია. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველების კოლექციის განახლების გეგმა EAZA-ს მენტორთან, მარიო ჰოდემეკერთან ერთად მომზადდა - შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა