აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს NDI-სა და IRI-ს აშშ-ში დიდ პატივს სცემენ და წლების განმავლობაში კონგრესის მხარდაჭერა აქვთ. ამის შესხებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"მათ საქმიანობას ეყრდნობიან არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ინფორმაციის დაბალანსებულ და ნეიტრალურ წყაროს. გავიმეორებ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია თავიანთი პლატფორმებისა და გზავნილების ფორმირებისთვის. ეს ინფორმაცია აჩვენებს, რა აწუხებს ქართველ ხალხს. ეს არის NDI-ს და IRI-ს საქმიანობის მიზანი. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ და ამიტომაც სცემენ მათ პატივს", — განაცხადა დეგნანმა.

NDI ისევე, როგორც IRI არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. ისინი ორგანიზაციას მიკერძოებულობაში და ოპოზიციის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. იმედის ეთერში მან თქვა, რომ მათ შესახებ კონგრესის, სენატისა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმირებისთვის ღია წერილის გამოქვეყნებასაც კი გეგმავს.

"იმდენად უნდოა ეს კვლევები, რომ შეიძლება ამაზეც მიდის მუშაობა, რომ აი, ამერიკული ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას", — ამბობდა ივანიშვილი NDI-სა და IRI-ის კვლევებზე.

მმართველი გუნდის გარდა ამ ორგანიზაციებს უპირისპირდება პატრიოტთა ალიანსიც. ისინი საქართველოში ორგანიზაციების აკრძალვას და NDI-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.