აარონ შოქმა, რომელიც ილინოისის შტატის ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენია, თავის ინსტაგრამის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებული წერილით აღიარა, რომ გეია.

კონგრესში ყოფნისას აარონ შოქი ხშირად ეწინააღმდეგებოდა LGBTQI ადამიანების მხარდასაჭერი კანონების მიღებას, მათ შორის ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.

"ჩემი ორიენტაცია ერთ-ერთი ის დეტალია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ნათელი უნდა მოეფინოს, რათა ეჭვები გაქრეს და საბოლოოდ ცნობილი გახდეს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში. ასევე ვწუხვარ, რომ ეს უფრო ადრე არ გავაკეთე და აქამდე დრო ტყუილად გავფლანგე", — ვკითხულობთ აარონ შოქის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

აარონ შოქი 2008 წელს კონგრესში აირჩიეს, 2015 წელს კი სკანდალში გაეხვა და გადააყენეს: აღმოჩნდა, რომ ის სახელმწიფო თანხებს არამიზნობრივად ფლანგავდა.

მისი ამჟამინდელი განცხადებით, მან თავის ორიენტაციაზე საჯაროდ იმიტომ განაცხადა, რომ სურს, სხვებს უფრო გაუადვილოს თავიანთი თავების ღიად მიღება. ამის მიუხედავად ის არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა სოციალურ ქსელებში: როცა აარონ შოქი კონგრესმენი იყო, ის ეწინააღმდეგებოდა, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ისე კანონს, რომელიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისას გენდერისა და ორიენტაციის ფაქტორსაც ითვალისწინებდა.

"ვიცი, რომ ვიღაცებს გაუჩნდებათ კითხვა, თუ რას ვაკეთებდი, როცა მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიყავი და L.G.B.T.Q ადამიანების დახმარება შემეძლო. ახლა რომ კონგრესში ვიყო, ყველა გზით დავუჭერდი მათი უფლებების გაძლიერებას მხარს", — წერს ყოფილი კონგრესმენი.

აარონ შოქის განცხადებით, ის რელიგიურ ოჯახში გაიზარდა, რამაც მასზე დიდი გავლენა იქონია:

"არ მინდოდა ჩემს რეალურ ორიენტაციაზე მეფიქრა და თავს ძალას ვატანდი, რომ ფიქრები ყოველთვის სხვა რაღაცებისკენ მიმემართა".

მისივე განცხადებით, როცა ოჯახს ამის შესახებ გამოუტყდა, მათ თავიდან მისი მიღება გაუჭირდათ და ეგრეთ წოდებულ "გამოსასწორებელ თერაპიებს" სთავაზობდნენ, თუმცა ამჟამად დედამისი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი მისი მომავლის მიმართ.

"ახლა შემიძლია ვიცხოვრო, როგორც ღიად გეიმ და ეს იმ ადამიანების წარმოუდგენელი სიმამაცის დამსახურებაა, რომლებიც ჩვენი უფლებების დასაცავად მაშინ იბრძოდნენ, როცა მე არაფერს ვაკეთებდი".