დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაციამ დაასახელა 4 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია. ესენია: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 3 406 ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 55 812. ინფიცირებულების უმეტესობა — 80 559 ჩინეთშია, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულია 6 593, ირანში — 4 747, იტალიაში — 3 858.

დღეს, 6 მარტს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრებისთვის, საზღვარზე ინტენსიური შემოწმების შემდეგ, 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდეს. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ ჯანმრთელობის შემოწმების სპეციალური ცნობა.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა. ან მათ საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში— სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: