წლების განმავლობაში მკვლევარებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სალათის ფურცლები ბოსტნეულის გასაზრდელად შექმნილი სისტემის — Veggie-ის მეშვეობით მოჰყავდათ. ახლახან ჩატარებული ექსპერიმენტით კი გაირკვა, რომ უწონადობაში მოყვანილი ფურცლები დედამიწაზე გაზრდილი ანალოგებისგან თითქმის არ განსხვავდება.

გიოია მესამ და მისმა კოლეგებმა კენედის კოსმოსურ ცენტრში სალათის ფურცლების სამი სხვადასხვა პარტია გააანალიზეს, რომლებიც 2014-დან 2016 წლამდე ISS-ზე მოჰყავდათ.

მკვლევარებმა სადგურის ფურცლები დედამიწაზე გაზრდილ ბოსტნეულს შეადარეს, რომლებიც ზუსტად იმავე ტენიანობის, ნახშირორჟანგის კონცენტრაციისა და ტემპერატურის პირობებში მოჰყავდათ, როგორც ISS-ზე.

შედარების შედეგად გაირკვა, რომ სალათის ფურცლებს შორის უმნიშვნელო განსხვავებებია. ISS-ის ფურცლებს შედარებით მეტი მიკროორგანიზმები გააჩნდა, ვიდრე დედამიწაზე მოყვანილ ბოსტნეულს. ხოლო სადგურისა და დედამიწის სალათის ფურცლები თითქმის თანაბრად ნოყიერი აღმოჩნდა.

"მსგავსი შედეგით გაოცებულები ვართ", — აღნიშნა მესამ.

მკვლევარებმა ექსპერიმენტისთვის სალათის ფურცლის ერთ-ერთი სახეობა, რომენი შეარჩიეს (Lactuca sativa), რადგან ის ისეთ პირობებში, როგორიც სადგურზეა კარგად იზრდება.

მკვლევარები ISS-ზე სხვადასხვა თესლის, მათ შორის ხუჭუჭა კომბოსტოს (ქეილი) გაგზავნას გეგმავენ.

"ჩემი აზრით ეკიპაჟის სამომავლო რაციონისთვის მცენარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ", — აღნიშნა მესამ.

ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა კვიპრიან ვერსექსმა განაცხადა, რომ სანამ მცენარეები ასტრონავტებისთვის კვების ძირითად წყაროდ იქცევა, საკმაოდ ბევრი ისეთი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო, როგორიც მზის სინათლის ნაკლებობა, განსხვავებული მიზიდულობა და რადიაციის დონეა.