გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მოწყვლადი ამ ვირუსთან, თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ქალი ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. ამიტომ, მათი რეკომენდაციით, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

რეკომენდაციები ორსულებისთვის

ორგანიზაციის განცხადებით, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული: ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს; ხელების ხშირი დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტიანი ხსნარით დამუშავება; დაცემინება მოხრილ მკლავში ან პირსა და ცხვირზე ხელსახოცის აფარება.

რაც შეეხება იმ სიტუაციებს, როდესაც ორსულებს COVID-19 უდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მათივე მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.

რეკომენდაციები მეძუძური დედებისთვის

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. მათი თქმით, დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს მაგრამ უნდა გაითვალისწინოს აუცილებელი ზომები. კერძოდ:

  • სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებონ, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც);
  • მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით);
  • საჭიროა დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია;
  • თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს ბავშვი. ამ დროსაც აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.

ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მათივე თქმით, ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალებისა და გოგონების გვერდით დგანან.

"მაშინ, როცა შიში და გაურკვევლობა ბუნებრივი რეაგირებაა კორონავირუსზე, ჩვენ ფაქტებითა და სოლიდური ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ ერთად უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, ვებრძოლოთ სტიგმასა და დისკრიმინაციას, ასევე უზრუნველვყოთ, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა საჭირო ინფორმაცია და სერვისები მიიღონ", — განაცხადა ნატალია კანემმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: