თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის პროვინცია იდლიბში 6 მარტიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები 5 საათსა და 40 წუთს გრძელდებოდა, აქედან 3 საათი ისინი პირისპირ საუბრობდნენ.

მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ლატაკია-ალეპოს გასწვრივ უსაფრთხოების კორიდორის მოწყობა, ცეცხლის შეწყვეტა და ორივე ქვეყნის შეთანხმებით სადამკვირვებლო პუნქტების გამაგრება.

"იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეთანხმებები კარგი საფუძველი იქნება იდლიბის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტანჯვას დაასრულებს", — განაცხადა პუტინმა.

მოლაპარაკებების შემდეგ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი ანკარაში მიიწვია და აღნიშნა, რომ სირიასთან მიმართებით თურქეთი რუსეთთან ადრეც შეთანხმებულა.

იდლიბის პროვინციაში ერთმანეთს სირიის სამთავრობო ძალები და ამბოხებულები ებრძვიან, თუმცა ცნობილია, რომ დაპირისპირებაში რუსეთი და თურქეთიც არიან ჩართულები. კრემლი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს მხარს, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში სდებენ ბრალს, და ამბოხებულებს ტერორისტებს უწოდებს. ამბოხებულების ნაწილს კი თურქეთის მხარდაჭერა აქვს. დეკემბრის შემდეგ თავდასხმები გაძლიერდა და გაეროს ინფორმაციით, სირიის ეს რეგიონი 950 ათასმა სირიელმა დატოვა.

პირველ მარტს თურქეთმა იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ერდოღანი ამბობდა, რომ ანკარას მოსკოვთან არანაირი პრობლემა არ აქვს და რუსულ ძალები მათი სამიზნე არაა.