Realme ახალი სმარტფონების გამოშვებას არ წყვეტს და ამჯერად დაბალფასიან, მაგრამ მძლავრ სმარტფონებს — Realme 6-სა და 6 Pro-ს გვთავაზობს. ეს მოდელები ძირითადად ინდოეთის ბაზრისთვისაა გათვლილი, თუმცა, სავარაუდოდ, ევროპაშიც გამოჩნდება.

6 Pro-ს 6,6-ინჩიანი 90 ჰერციანი 1080p ეკრანი აქვს, რომლის თანაფარდობაც 20:9-ზეა. რეალმეს არაფერი უთქვამს პანელის ტიპზე, ამიტომ არ ვიცით ის LCD იქნება თუ OLED. ჩემი აზრით სმარტფონი LCD ეკრანით აღიჭურვება, რადგან OLED-ის შემთხვევაში კომპანია ამის შესახებ აუცილებლად გვეტყოდა და ერთ-ერთ უპირატესობად წარმოგვიდგენდა, ასევე ამის დასტურია ისიც, რომ სმარტფონს თითის ანაბეჭდის სენსორი ჩართვის ღილაკში აქვს ჩამონტაჟებული და არა ეკრანქვეშ (ოპტიკური ანაბეჭდის სენსორი LCD ეკრანის ქვეშ ვერ მუშაობს). Realme 6-ს თითქმის იმავე ზომის ეკრანი აქვს და ის მხოლოდ 0,1 ინჩით ჩამორჩება Pro ვერსიას.

ორივე სმარტფონს ოთხი კამერა აქვს. მთავარი სენსორი 64 მეგაპიქსელიანია, აქვეა 8 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო და 2 მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზებიც. მეოთხე კამერა 6 Pro-ს შემთხვევაში 12 მეგაპიქსელიანი ტელეფოტოა, ხოლო ჩვეულებრივმა 6-მა 2 მეგაპიქსელიანი მონოქრომული (შავ-თეთრი) სენსორი მიიღო.

ისევე როგორც X50 Pro-ს, 6 Pro-ც ორმაგი წინა კამერითაა აღჭურვილი და მას ეკრანში ამოჭრილი 8 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო ლინზაც აქვს.

Realme 6 Pro აღჭურვილია Snapdragon 720G პროცესორით, მისი პატარა ძმა კი MediaTek Helio G90T-ით. სმარტფონები 4, 6 და 8 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით გამოვა. ორივე მოდელს 4 300 მილიამპერიანი ელემენტი ექნება, რომელსაც 30 ვატიანი VOOC 4.0 სწრაფი დატენვის მხარდაჭერაც ექნება.

რეალმე თავისი უცნაური ფერებით ხშირად გვაწონებს ხოლმე თავს და არც 6 სერიაა გამონაკლისი. 6 Pro მოელვარე ლურჯ, წითელ და სტაფილოსფერ ფერებში გამოვა, ხოლო 6 "კომეტისებრი" თეთრითა და ლურჯით.

სმარტფონის საწყისი ფასი სტანდარტული 4/64 მოდელისათვის 177 დოლარი იქნება, რაც შეეხება 6 Pro-ს — მისი საწყისი ფასი 6/64 ვერსიისათვის.232 დოლარია