ათეულობით სხვა ქვეყანასთან ერთად 5 მარტს რუსეთში დისნეისა და Pixar-ის ახალი ანიმაციის, Onward-ის პრემიერაა დაგეგმილი, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ანიმაცია დაცენზურებული ვერსიით გავა კინოთეატრებში.

ახალი ანიმაცია დისნეისთვის ისტორიულია ერთი დეტალის გამო: მასში პირველ ღიად LGBTQ პერსონაჟს ვიხილავთ — პოლიციის ოფიცერი ციკლოპი, რომელიც ლესბოსელია. პერსონაჟის იდენტობის შესახებ ღია მინიშნება ერთ-ერთ სცენაშია, როდესაც ის თავის მეგობარ გოგოზე საუბრობს.

The Moscow Time-ის ცნობით, რუსეთის კინოთეატრებში ცენზურის გამო სწორედ ეს მონაკვეთი შეცვალეს: "მეგობარი გოგო" ჩაანაცვლეს სიტყვა "პარტნიორით", რათა კონკრეტული იდენტობის გარჩევა შესაძლებელი არ ყოფილიყო.

ფოტო: Disney

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დისნეის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთში ფილმები ცენზურის ქვეშ მოექცა: გასულ წელს ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული დრამიდან გეი სექსის სცენა ამოჭრეს, ასევე გამოცემა Meduza-მ გასულ წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილ ბლოკბასტერში, Avengers: Endgame-ში ის სცენა შეცვალეს, სადაც ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი კაცი პერსონაჟი თავის პარტნიორ კაცზე საუბრობს.

რუსეთში LGBTQ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, როცა 2013 წელს "ჰომოსექსუალობის პროპაგანდა" აიკრძალა. სულ ცოტა ხნის წინ კი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სურს კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვროს, რითიც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების პერპექტივის შეზღუდვა უნდა.