დათვებს თაფლი ძალიან უყვართ და ხშირად ნადავლის მოსაპოვებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები. ეს ფაქტი მეფუტკრეებმა ძალიან კარგად იციან, რადგან დათვები სწორედაც რომ სკებს ატერორებენ.

ეს საყვარელი ფუმფულა მტაცებლები მეფუტკრეებს სერიოზულ თავსატეხს უჩენენ, მიყენებული ზარალი, ხშირად რამდენიმე ათასს დოლარსაც კი აჭარბებს.

იბრაჰიმ სედეფი თურქეთში ცხოვრობს და ფუტკრების ფერმის ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში ფერმას დათვები სისტემატურად ატერორებდნენ. თავდაცვის მიზნით მეფუტკრემ სკები რკინის გალიებით შემოღობა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. დათვებმა თაფლი მაინც მიისაკუთრეს.

გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა იბრაჰიმმა გადაწყვიტა, რომ დათვების საქციელი კარგად შეესწავლა და ფერმაში ღამის კამერები დააყენა.

სწორედ მაშინ გენიალური იდეა მოუვიდა. გადაწყვიტა, რომ დათვები დეგუსტატორებად დაესაქმებინა, რადგან მათ თაფლში ძალიან კარგი გემოვნება აქვთ.

ფოტო: DHA

მას შემდეგ რაც მაგიდაზე თაფლის ოთხი კასრი დაალაგა, დათვებიც გამოჩნდნენ. იბრაჰიმი შედეგებით უკმაყოფილო არ დარჩენილა. მათ მხოლოდ ძვირადღირებული და ხარისხიანი თაფლი მოეწონათ, შედარებით მდარე პროდუქტს კი პირიც არ დააკარეს.