ვინ თქვა, რომ მცენარეების მოვლა ადვილია? საჭიროა საკმარისი მზის სინათლე, წყალი, ენერგია, გამუდმებული ზრუნვა. ხანდახან, შეიძლება არც გაგიმართლოს და შენი მონდომება წყალში ჩაიყაროს.

ერთი კალიფორნიელი ქალი თავის მცენარეს ორი წლის განმავლობაში გულმოდგინედ უვლიდა და როდესაც ახალ ქოთანში გადარგვა დააპირა, აღმოჩნდა, რომ მისი საამაყო სუკულენტი სინამდვილეში პლასტმასის ყოფილა.

ქეილი უილკსი დიასახლისია და თავისი ისტორია ფეისბუქზე გააზიარა. პოსტს უკვე 10 ათასობით გამოხმაურება აქვს. მისი თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში მცენარის ვიზუალი ძალიან ეამაყებოდა.

"მინდოდა, რომ ჩვეულებრივი პლასტმასის კონტეინერიდან ქოთანში გადამერგო, როდესაც აღმოვაჩინე რომ თურმე მცენარე ხელოვნური ყოფილა. არადა, ისე ვუვლიდი, ფოთლებს ვწმენდდი, ყველანაირად ვცდილობდი რომ კარგად ყოფილიყო. ყველაფერი წყალში ჩამეყარა", — წერს უილკსი თავის პირად გვერდზე.

ქალს მცენარის ფესვების მაგივრად, ქოთანში სამაგრზე მიწებებული ფოთლები შერჩა ხელს.

ქეილის განსაკუთრებულად გული იმის გამო წყდება, რომ არავის არ აძლევდა უფლებას რომ სუკულენტებისთვის მოევლო. უნდოდა, რომ მცენარე მხოლოდ მისი ყოფილიყო. ახლა კი ფიქრობს, რომ ბოლო ორი წელი ტყუილად დახარჯა.

კომენტარების ავტორებმა გულგატეხილ დიასახლისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"როგორ ჰგავს ჩემს ყოფილთან ურთიერთობას", — იხუმრა ერთმა მომხმარებელმა.

ვისაც უნდა რომ სახლში მცენარეები გააშენოს, სუკულენტები იდეალური ვარიანტია. მცენარე ძალიან ჯანმრთელია, მაგრამ თუ ხშირად მორწყავ, შეიძლება დალპეს. ახლა კი დროა, რომ ჩვენი სახლის მცენარეები გადავამოწმოთ.

ამავე თემაზე: