ე.ც. ციანიძის საქმის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების პროცესი 17 მარტს გაგრძელდება. სასამართლო პროცესი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს, 5 მარტს ჩატარდა, სადაც დეკანოზი მკურნალობს.

როგორც დეკანოზის ადვოკატმა, ქეთი ჩუტლაშვილმა On.ge-ს უთხრა, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის მსჯავრდებულის მკურნალი ექიმი.

სასჯელის გადავადებაზე პროცესი 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა დეკანოზი სასამართლოში არ ყოფილა. მოსამართლის თქმით, მსჯავრდებულს "თავად არ სურდა პროცესზე მისვლა". მაშინ დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე სხვა ინფორმაცია მიიღეს სასჯელაღსრულებიდან, რომ ვერ ხერხდებოდა მსჯავრდებულის გადაყვანა.

EMC-ის განმარტებით, 2019 წლის თებერვლიდან დეკანოზი პენიტენციური სამსახურის #18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობს, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მამალაძე დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.