დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ის რეკომენდაციებს აძლევს მოსახლეობას და ინსტიტუციები უკვე თვითონ წყვეტენ რა ზომები გაატარონ. ამის შესახებ მან დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ისაუბრა.

"ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში არ უნდა გამოიყენოს და არც რესტორანში. არ უნდა გამოიყენოს მეზობლის ჩანგალი ან კოვზი, როცა რესტორანში ზის. არის რწმენა და არის მეცნიერება, ამაზე ფილოსოფიურ კამათში ვერ შევალ", — განაცხადა მან.

როგორ იმნაძე ამბობს, ის არც ერთ რელიგიურ კონფესიას რჩევას არ აძლევს.

"ჩვენ ეკლესიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მინდა გაგახსენოთ, რომ მეფე ერეკლე როდესაც გარდაიცვალა, საქართველოში იყო შავი ჭირის ეპიდემია. ისე მოახერხა ჩვენმა ეკლესიამ მისი გადმოსვენება და დასაფლავება, რომ ეს პრობლემები გათვალისწინებული ჰქონდა... მე არ ვარ რელიგიათმცოდნე, მე ვარ ეპიდემიოლოგი", — აღნიშნა იმნაძემ.

29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მათი თქმით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის, "მორწმუნეები კი ამას არ უშინდებოდნენ".

"საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს", — აცხადებენ საპატრიარქოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ზოგადი ჰიგიენის წესები დაიცვან.

ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას რეკომედაციას გაუწევდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. თუმცა, ისიც აღნიშნავს, რომ რელიგიის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: