29 თებერვალს ბერლინის 2020 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ირანელი რეჟისორის, მოჰამად რასულოფის ფილმი, There Is No Evil საუკეთესო ფილმად დასახელდა და ოქროს დათვი გადაეცა. როგორც რეჟისორის ადვოკატი აცხადებს, ამ ფაქტიდან მალევე ხელოვანს ირანის ხელისუფლებამ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატ ნასერ ზარაფშანის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რეჟისორის ფილმები "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის" ელემენტებს შეიცავს და პატიმრობასთან ერთად მას ფილმების გადაღება ორი წლით აეკრძალა.

ადვოკატის ცნობით, რეჟისორმა ამის შესახებ ცნობა წერილობითი სახით მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მას მოათავსებენ თუ არა ციხეში, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო ცოტა ხნის წინ 54 ათასი პატიმარი დროებით ციხიდან გაათავისუფლეს.

ბერლინალეს დაჯილდოების ცერემონიაზე თავად მოჰამად რასულოფი არ იმყოფებოდა, რადგან მას ირანის დატოვების უფლება შეზღუდული აქვს. ფილმისთვის მინიჭებული ჯილდო რეჟისორის შვილმა, ბარან რასულოფმა აიღო.

დაჯილდოების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მოჰამად რასულოფი თავისი შვილის ტელეფონის საშუალებით ონლაინ ჩაერთო დამსწრე საზოგადოებას.

ფოტო: Ronald Wittek / EPA

ფილმი There Is No Evil ოთხი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სიუჟეტური ხაზებით ერთმანეთს უკავშირდება. კინოსურათში წამოჭრილია ისეთი მწვავე თემები, როგორებიცაა სიკვდილით დასჯა და პირადი თავისუფლების დილემა ტირანიის ქვეშ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოჰამად რასულოფს ირანის ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნა: 2011 წელს ის კიდევ ერთ ირანელ რეჟისორთან, ჯაფარ პანაჰისთან ერთად მათი შემოქმედების გამო დააკავეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იხილეთ რეჟისორის ახალი, ოქროს დათვის მფლობელი ფილმის ტრეილერი: