დღეიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგაზნიაზაცია — პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის ავრცელებს.

ორგანიზაციამ ინფორმაცია იმის შესახებ, გაცემულა თუ არა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ძალადობის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2016 წელს გამოითხოვა. თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, უწყებამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მათივე ინფორმაციით, უარის საფუძველზე ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა, სადაც ამტკიცებდა რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ორდერების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც შსს-ს მიერ გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომ კი ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ხოლო განმეორებით გასაჩვრების შედეგად უზენაესმა სასამართლომ დაშავებადაც კი არ ცნო შსს-ს საჩივარი", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განმარტებით, ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ინფორმაციის საჯაროობის გზით, ამკვიდრებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ უმაღლესი საზოგადოებრივი კონტროლის სტანდარტს.

"აღნიშნული სტრატეგიული საქმის საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაიგოს პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან თუ არა ოჯახში მოძალადეები ან როდესმე გამოცემულა თუ არა მათ მიმართ ქალზე ძალადობის გამო შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ინფრომაციით, უკვე გამოითხოვეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ყველა წევრზე, საქართველოს პრეზიდენტზე, მათ მიმართ 2006 წლიდან დღემდე, გაცემულია თუ არა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.