რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, სიმაღლეზე მხტომელი რობერტ შავლაყაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ქართველი მძლეოსანი 1933 წლის 1 აპრილს, თბილისში დაიბადა. რობერტ შავლაყაძე იყო პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც 1960 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი დაამარცხა, შედეგით 2,16 მეტრი. მისი პირადი საუკეთესო შედეგი 2,17 მეტრია.

შავლაყაძე იყო ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), გიგანტთა მატჩში (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ორდენების კავალერი.