დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 5 მარტის ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დაინფიცირებულ ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. მისივე თქმით, ის საქართველოში პირველ მარტს სიმპტომების გარეშე ჩამოვიდა. თვითიზოლაციაში ყოფნისას მას მაღალი ტემპერატურა განუვითარდა და გუშინ ინფექციურ საავადმყოფოს თავად მიმართა.

"დღეს დილისთვის მოძიებულია 20 კონტაქტი, მათ შორის 15 თვითმფრინავის და მიმდინარეობს ამ ადამიანების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა", — განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსით დაინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია, ახალი მეოთხე შემთხვევა კი წინებთან შედარებით კლინიკურად უფრო საყურადღებოა:

"დაავადება გამოვლინდა მაღალი, 38,5-ზე მეტი ტემპერატურით და შედარებით მძიმე კლინიკით. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია სიტუაცია, დაწყებულია მკურნალობა. მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია".

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს.

ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: