სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა კუპრაშვილი On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ვარძიაში მომხდარი ხანძრის შედეგად, გაჭვარტლული მრავალსაუკუნოვანი ფრესკების დიდ ნაწილს დაუბრუნდება პირვანდელი სახე:

"წინასწარ ამის თქმა, დაუბრუნდება თუ არა პირვანდელი სახე, ცოტა რთულია, რადგან ჯერ კარგად არ არის შესწავლილი, სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, ერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ დიდ ნაწილს დაუბრუნდება პირვანდელი სახე. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს და ჩვენ ვეცდებით, მთლიანად დაუბრუნდეს პირველადი სახე, ყოველ შემთხვევაში, თამარს დაუბრუნდება, ზუსტად ვიცი. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოხდა. ეს ჭვარტლი ცხიმოვანი პარაფინია, დამწვარია პლასტმასი და თუ ჩაჯდა ფორებში, მერე უკვე უნდა ჩავთვალოთ რომ 50 პროცენტსაც ვერ დავიბრუნებდით. სადაც ფერი იყო დაზიანებული, იმას ჭვარტლი რომ დაედო და მას მოაშორებ, ფერიც წამოყვება. ასეთი ადგილები ბევრი არ არის".

ნანა კუპრაშვილი ასევე ჰყვება, რომ მონასტრის მსახურებსა და ადმინისტრაციას შორის არ ყოფილა კომუნიკაციის პრობლემა, კვამლი თავდაპირველად ბერებმა შენიშნეს და როგორც კი კარი გააღეს, ცეცხლი მალევე ჩააქრეს:

"სიტუაცია იყო ასეთი: დაგროვდა კვამლი, ასე ვთქვათ ხრჩოლავდა, ადმინისტრაცია არის დაბლა, ის მას ვერაფრით ვერ დაინახავდა. ისევ მონასტრის ხალხმა დაინახა კვამლი. კარი რომ გააღეს, მაშინ გაჩნდა ცეცხლი და მაშინვე ჩააქრეს. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და ეკლესიის მსახურებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა".

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა დაიწვა. აღნიშნულმა უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა გამოიწვია.