ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კორონავირუსის(COVID-19) პრევენციისთვის მედია-ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

ინტერვიუს ჩაწერა

უწყების განცხადებით, შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების და ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებმა უნდა გაითავლისწინონ და დაიცვან შემდეგი რეკომენდაციები:

  • შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე;
  • შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს ჩაწერა მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით;
  • ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება — არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

სამინისტრო განმარტავს, რომ რესპირაციული ინფექციით, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ რეკომენდაციების გათვალისწინება.

დეზინფექცია სამუშაო პროცესის შემდეგ

უწყება განმარტავს, რომ სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია კონკრეტული წესების დაცვა, რადგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე.

  • რეკომენდებულია ნიღაბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში;
  • სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან;

ზოგადი რეკომენდაციები

უწყების განმარტებით, ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციები. ესენია:

  • ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დაიმუშავება სპირტის შემცველი ხსნარით;
  • დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა. ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი — პირს, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიაში იმოგზაურა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე ინფიცირებულზე კი ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ დაინფიცირებულთან, რომელიც ასევე აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: