კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას ჰიგიენის დაცვისკენ და ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებს. რეკომენდაციის მიხედვით, სწორად დაბანას იმდენი ხანი სჭირდება, რაც Happy Birthday-ის სიმღერის ორჯერ წასაღიღინებლად არის საჭირო — უფრო ზუსტად კი, 20 წამი.

Happy Birthday-ის ორჯერ წაღიღინება მიგახვედრებთ, რამდენ ხანს უნდა იბანდეთ ხელებს — WHO

ჰიგიენა მნიშნველოვანია, მაგრამ ერთი და იგივე სიმღერა მალე შეიძლება მოგბეზრდეს. სწორედ ამიტომ, ტვიტერის მომხმარებლებმა ფავორიტ სიმღერებს გაუწიეს რეკომენდაცია.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმღერების მისამღერები დაახლოებით 20 წამს გრძელდება და ხელების დაბანის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის.

1. დოლი პარტონი - Jolene

სიმღერა ჟურნალისტ ჯენ მონიერის რეკომენდაციაა. 25-სიტყვიანი მისამღერი სულ 20 წამს გრძელდება - აქედან, 8 სიტყვა მარტო ჯოლენია. ასე რომ, სიტყვები რომც არ იცოდე, მისამღერის ღიღინი მაინც არ გაგიჭირდება.

2. BTS - On

საინტერესო ფაქტი: იცით, რომ სიმღერის მისამღერი ზუსტად 20 წამს გრძელდება? ასე რომ დამატებითი მიზეზი გაქვს, რომ კეიპოპი დააფასო აბაზანაში შესვლის წინ, საყვარელი სიმღერა ჩართო.

3. კრისტინა აგილერა - Candyman

აგილერას ფანები ამ ძველ, მაგრამ ძალიან პოპულარულ სიმღერას მაშინვე იცნობენ. თუმცა, თუ საშინელებათა ჟანრს კარგად იცნობ, იცი როგორი სარისკოა ქენდიმენის სარკის წინ სამჯერ თქმა...

4. ბიონსე - Love on Top

არ არის აუცილებელი, რომ მთლიანი სიმღერა იღიღინო, ყველასთვის ცნობილი მისამღერიც საკმარისია.

5. The Knack's - My Sharona

მელოდია ძალიან პოზიტიურია, მაგრამ ეს სიმღერა უფრო სხვა რამის გამო ავირჩიეთ. თურმე, ტვიტერის ბევრი მომხმარებელი შარონას ნაცვლად, კარონას მღერის, რაც კორონას ძალიან ჰგავს.

6. a-ha - Take On Me

სიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმღერაა, რადგან მისამღერის მაღალი ნოტების აღება ბევრს უჭირს. თუმცა, შეგიძლია, რომ უფრო დაბალი ნოტებიდან დაიწყო სიმღერა.

7. ანსამბლი შვიდკაცა - ჟუჟუნა წვიმა

უცხოურ ჰიტებს პატივი ვეცით და ჩვენი საკუთარი რატომ უნდა დავივიწყოთ? ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელმაც ჟუჟუნა წვიმა არ იცის. რაც მთავარია, წამზომის დანიშვნა ნაკლებად დაგჭირდებათ თუ ჟუჟუნა წვიმადან - გული გაუპოს დანამამდე იმღერებთ.

8. Bee Gees - Stayin’ Alive

როგორც ტვიტერზე აღნიშნეს, ამ სიმღერის მისამღერი ენერგიით არის სავსე და სულ 24 წამს გრძელდება. ხელების დაბანის გარდა, სიმღერას გულის არაპირდაპირი მასაჟის დროსაც უწევენ რეკომენდაციას, რათა სწორი რიტმი შენარჩუნდეს. მომავალში შეიძლება ბევრი გულის მასაჟის გაკეთება ან ხელების ხშირად დაბანა მოგვიწიოს, ამიტომ მისამღერის დამახსოვრება გამოგადგება.

9. Star Wars - The Imperial March

ბრძოლა ვახსენეთ და როგორ შეიძლება, რომ ვარსკვლავური ომები არ მოვახვედროთ სიაში? სპეციალურად სით ლორდებს ვთავაზობთ, რომ ხელები იმპერიული მარშის ფონზე დაიბანონ. პალპატინი და დართ ვეიდერი თქვენით ძალიან იამაყებენ.

10. ანბანის სიმღერა

გგონიათ ვხუმრობთ? შეიძლება უცბად ვერცერთი სიმღერა გაიხსენო. ხდება ხოლმე. სწორედ ამ დროს, მარტივი გამოსავალი ანბანის ღიღინია. ჩვენი ანბანის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება სიმღერისთვის 20 წამზე მეტიც კი დაგჭირდეს.

ამავე თემაზე: