პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა. მან ეს საკითხი პოლარიზახიის კონტექსტში მოიხსენია და ოპოზიცია დებატებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა:

"დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელია, რომ რეფორმების ბოლო ტალღა რთულია. ამიტომ სჭირდება დემოკრატუა გაფრთხილებაც და ერთიანობაც. დღეს მისი მთავარი მტერი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პოლარიზაციაა, რაც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს. ამის გამო, დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, ნაცვლად იმისა, რომ ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემა გამოიყენონ და ეს ადგილი დებატების ადგილად აქციონ".

ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს აგრძელებს. ისინი არ დაესწრნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას. პარტიებში აცხადებენ, რომ ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა საარჩევნო სისტემაზე არ დაკმაყოფილდება. მათ ბოიკოტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გამოაცხადეს.

პროპორციულის ჩავარდნა, პროტესტი და პოლიტიკური დაპირისპირება — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გააერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.