ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ ისაუბრა. მისი თქმით, კარანტინში მყოფ დასაქმებულებს სამინისტრო მისცემს ცნობას, რომელიც საავადმყოფოს მიერ გაცემული ფურცლის ტოლფასი იქნება.

"დასაქმებულებს ექმნებათ გარკვეული პრობლემები. ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური", — თქვა ეკატერინე ადამიამ.

მისი განმარტებით, სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში. ცნობის ასაღებად ადამიანებს შეუძლიათ სამინისტროს ელფოსტის მეშვეობით მიმართონ — [email protected].

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

პირველ მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს. სასწავლო დაწესებულებებში პროცესი 16 მარტამდე შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში კი შენობებში დეზინფექცია ჩატარდება.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: