ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზება რუსეთში ირანის ელჩმა, კაზემ ჯალამიმ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ კოსაჩევთან შეხვედრისას გააჟღერა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, პუტინს სთავაზობენ, რომ ასტანის ფორმატის სამიტი სირიის საკითხთან დაკავშირებით ირანში გაიმართოს. ირანის ელჩის ინფორმაციით, სამიტის ირანში გამართვასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და ირანის პრეზიდენტს შორისაც.

"რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, რუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა რუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ ასტანას ფორმატის ფარგლებში შემდეგი სამიტი უახლოეს მომავალში ირანში გაიმართოს", — განაცხადა ირანის ელჩმა.

ირანელმა დიპლომატმა, ასევე, აღნიშნა, რომ არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიციაა.