კომიქსის სამყაროს ერთგულმა გულშემატკივრებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი სუპერგმირის, ბეტმენის როლს ამჯერად რობერტ პატინსონი შეასრულებს.

მეტიც — დაახლოებით ისიც ვიცით, თუ როგორი იქნება ახალ ფილმში ამ გმირის ცნობილი კოსტიუმი, თუმცა ჯერ მაინც რთული სათქმელია, როგორ მოირგებს რობერტ პატინსონი ამ როლს: მაყურებლების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ის იდეალურად გაართმევს თავს ამ დავალებას, მეორე ნაწილი კი უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი.

ფილმის გამოსვლამდე ამ საკითხზე ზუსტი პოზიციის გამოხატვა ყველას გაგვიჭირდება, თუმცა, ერთ-ერთ კინომოყვარულს ეს მოლოდინი ნაწილობრივ რომ შეემსუბუქებინა და კითხვის ნიშნებიც გაეფანტა, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის საშუალებით Deepfake ვიდეო გააკეთა და ფილმ Batman Begins-ის ერთ-ერთ სცენაში კრისტიან ბეილის ნაცვლად რობერტ პატინსონის სახის გამოსახულება ჩასვა.

კრისტოფერ ნოლანის მიერ 2005 წელს გადაღებულ ფილმში Batman Begins მთავარ როლს სწორედ კრისტიან ბეილი ასრულებს, რომლის ეს სამსახიობო როლიც ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებად ითვლება.

ამ ფილმის ერთ-ერთი სცენის ეს უჩვეულო მონტაჟი YouTube-ზე DeepCaked-ის სახელით რეგისტრირებულმა მომხმარებელმა 21 თებერვალს ატვირთა და შედეგი იმდენად შთამბეჭდავად რეალისტური გამოვიდა, რომ მაყურებლების უმეტესობა წარმოუდგენლად გააოცა.

Deepfake ვიდეოების შემქნა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარულია: აქამდე ჩვენ უკვე ვიხილეთ ტომ ჰოლანდი და რობერტ დაუნი უკან მომავალშის შემზარავად რეალისტურ Deepfake ვიდეოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვიხსნის, ამავდროულად ერთგვარ საშიშროებასაც ქმნის — მომავალში ის, შესაძლოა, ყალბი ამბების, სიძულვილისა და პორნოვიდეოების გასავრცელებლად აქტიურად გამოიყენონ.