პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე მმართველ გუნდსაც იგივე პოზიცია აქვს, რაც ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერს. იგი ამით კინზინგერის მოწოდებას გამოეხმაურა, რომ "სასამართლო სისტემა მხოლოდ სამართლისთვის უნდა გამოიყენონ". კინზინგერმა ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებაზე საუბრისას თქვა.

"მან თქვა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული და დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესთან, რაზეც ჩემი და ჩემი გუნდის განცხადებები რომ გაიხსენოთ, რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე პოზიციაზე ვართ. მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკური კალენდრის ნაწილი. ეს არის ცალსახა და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ კინზინგერს".

ადამ კინზინგერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში "შემაშფოთებელს" უწოდებს ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასა და ამის შედეგად ოპოზიციასთან დიალოგის შეწყვეტას. იგი იხსენებს, რომ საკუთარი პოზიცია მან ქართულ ოცნებასა და ლიდერებს "ნათლად" გააცნო.

"ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა", — ამბობს კინზინგერი და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, "სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის".

შეწყვეტილი დიალოგი და საარჩევნო სისტემა

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდება, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს. ოცნების დეპუტატებმა უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".

ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობენ.

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. საპასუხოდ მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფოტმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ.