ოკუპირებულ სოხუმში საპრეზიდენტო კანდიდატ ასლან ბჟანიას მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადადგომას ითხოვენ.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობასთან სოფელ ტამიშის მაცხოვრებლები არიან შეკრებილი. აღნიშნული სოფლიდანაა წარმომავლობით ასლან ბჟანიაც.

აქციის მონაწილეები ბგანბას კაბინეტთან ავიდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. მათივე თქმით, ბჟანიას გარეშე 22 მარტის არჩევნები არ ჩატარდება.

გამოცემის ცნობით, დღეს, 3 მარტს ბჟანია მედიკამენტური კომიდან გამოვიდა.

ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის და მისი დაცვის წევრები მოწამლეს. ბჟანიას მდგომარეობა გაუარესდა 2019 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, რის გამოც მან არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს. დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ჯაპშბა არიან.

ბჟანიას ჰოსპიტალიზაციის გამო, მოსახლეობასთან შეხვედრები სხვა კანდიდატებმაც შეწყვიტეს.